"ზუსტად ისეთ გეგმას, როგორც ახლა თავს გვახვევს რუსეთი, 2003 წელს კოზაკის გეგმის სახით ტენიდნენ მოლდოვას და მაშინ მოლდოვის კომუნისტ პრეზიდენტს ეყო საღი აზრი ამაზე უარი ეთქვა. ჩემთან პირველი შეხვედრა 2004 წელს მოსკოვში პუტინმა სწორედ მოლდოვას მისი აზრით არასწორი საქციელით უკმაყოფილების გამოთქმით დაიწყო", - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მინდა გაგახსენოთ (მოგიყვეთ) ერთი ისტორია. სოხუმის ოკუპაციისა და აფხაზეთიდან ქართველების გამოყრის შემდეგ ელცინმა მოსთხოვა შევარდნაძეს "დსთ"-ში შესვლა და რუსი "სამშვიდობოების" აფხაზეთში დაკანონება, სანაცვლოდ რუსეთი დაგვპირდა აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას.

შევარდნაძემ შეუსრულა რუსეთს პირობები 1993 წლის შემოდგომაზე და რუსებმა გამოაცხადეს, რომ მზად იყვნენ დევნილების დასაბრუნებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მიიყვანა რამდენიმე ათასი დევნილი. ისინი მთელი დღე იცდიდნენ, საღამოს კი რუსებმა გამოაცხადეს, რომ იმ დღეს აღარ ხდებოდა შეყვანა და მეორე დღისთვის გადაიდო. მეორე დღემაც ასევე ჩაიარა, ხოლო მესამე დღეს რუსმა "სამშვიდობოებმა" გამოაცხადეს რომ დაბრუნება გადაიდო შესაბამისი პირობების შექმნამდე.

იმის შემდეგ თაობები გამოიცვალა და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ზუგდიდის ცენტრში რუსები აღარ დგანან და მსოფლიო აფხაზეთს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიად.

ახლა რუსეთი გვეუბნება რომ მას უნდა მოვუხსნათ "ოკუპანტის” სტატუსი და მერე აუცილებლად დაგვეხმარება.

ნუთუ ჩვენ არ გავიზარდეთ როგორც ერი, ნუთუ არ მოვიცვალეთ რუსეთის ტყუილის კბილი.

სხვათა შორის ზუსტად ისეთ გეგმას, როგორც ახლა თავს გვახვევს რუსეთი, 2003 წელს კოზაკის გეგმის სახით ტენიდნენ მოლდოვას და მაშინ მოლდოვის კომუნისტ პრეზიდენტს ეყო საღი აზრი ამაზე უარი ეთქვა. ჩემთან პირველი შეხვედრა 2004 წელს მოსკოვში პუტინმა სწორედ მოლდოვას მისი აზრით არასწორი საქციელით უკმაყოფილების გამოთქმით დაიწყო.

ახლა როცა საქართველოს ხელისუფლება დათანხმებულია კაპიტულაციაზე, უარის თქმის ისტორიული მისია ქართველ ხალხს ეკისრება 26 ოქტომბერს!

#გავიმარჯვებთ #სახელოვნად" - წერს მიხეილ სააკაშვილი.