"ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად", -  ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

"თენგო გოგოტიშვილმა Tengo Gogotishvili , რომელსაც ყველაფერი ახსოვს, შეგვახსენა, რომ შესრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21-ე წლისთავი. ზურას თუკი ვიღაცები ახსენებენ, მხოლოდ ახსენდებათ ერთი ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი".

სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.

დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი.

გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.

მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით."- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ:

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 21 წელი გავიდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ამ დრომდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. 2005 წლის 3 თებერვალს, ტრაგედიიდან, რამდენიმე საათში, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი გაზით გაგუდვა დასახელდა.

2023 წლის 9 დეკემბერს, საკუთარი დაბადების დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია  თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა.