"დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი საფრთხეებს.", - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დისტანციურად დაესწრო.
მისი თქმით, ის გზავნილები, რასაც წინასაარჩევნოდ "ოცნების" დამფუძნებელი ივანიშვილი აჟღერებს, ქვეყნისთვის დიდ საფრთხეებს შეიცავს.
"დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი საფრთხეებს. თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ მთავარ თავისუფლებებს, პირველი სიტყვის თავისუფლებას - რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. პოლიტიკურ თავისუფლებას - ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. პირად თავისუფლებას - ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, მან წარმოადგინა თავისი ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების, და კიდევ კარგი, არ გამოუვიდა. მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება...
ივანიშვილი ემუქრება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, იმიტომ რომ, საკმარისია ის იყოს ხელისუფლებაში და ევროკავშირი ავტომატურად გაგვიუქმებს უვიზო მიმოსვლას და ჩვენ ვეღარსად ვეღარ გადავაადგილდებით. ბოლოს, ის ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. თუ ეს ყველაფერი გამოუვიდა, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ქართველების უსამშობლოდ დატოვებას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.