თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოვლენას, რომელიც გონებისთვის მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელია. თვით ძე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე ადამიანთან, რომელსაც ამზადებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ შეხვედრისთვის, იმისთვის, რომ გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილის წყვდიადისაგან და შეეყვანა ზეციური ცხოვრების ნათელში.
უფალი ელაპარაკებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა, გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და აი, ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს, ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. და თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე, რათა გავიხსენოთ, ვინ იდგა მაშინ ქრისტეს ჯვართან ახლოს. იდგა ბრბო, რომელიც მას დასცინოდა და მტრული განწყობით იმყოფებოდა იქ. იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც იყოფდნენ მის შესამოსელს, იქ იდგა უფრო მოშორებით თავისი შვილის ტანჯვისგან გულგანგმირული ყოვლადწმინდა ქალწული დედა ღვთისმშობელი, მენელსაცხებლე დედებთან ერთად. და როგორც გახსოვთ, მაცხოვრის ჯვართან ახლოს ასევე იყო აღმართული კიდევ ორი ჯვარი, რომლებზეც გაკრული იყვნენ ავაზაკები.
და აი, დღეს ჩვენც მოვედით აქ, მაცხოვრის ჯვართან გოლგოთაზე და ვფიქრობთ იმაზე, სად გვეკუთვნის დგომა, სად უნდა ვიყოთ ჩვენ. იმ ბრბოსთან და ჯარისკაცებთან ერთად უნდა ვიდგეთ, თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად? ალბათ, არა, ძვირფასო ძმებო და დებო, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ჩვენ დავდგეთ ავაზაკებთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეებით, ჩვენი ტანჯვებით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ვართ ავაზაკები, მაგრამ ამ ორი ავაზაკიდან რომლის ჯვართან უნდა დავდგეთ ჩვენ, ქრისტეს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს? აი, ეს კი არის ყოველი ჩვენგანის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ავირჩიოთ ქრისტესგან მარჯვენა მხარე, დავდგეთ გონიერი ავაზაკის ჯვართან და მასთან ერთად წარმოვთქვათ მისი ცნობილი სიტყვები: „ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან რაც გავაკეთეთ, საკადრისი მივიღეთ. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.