ესტონეთის საელჩომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა.
საქართველოში ესტონეთის საელჩომ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ესტონეთის ელჩის, დროებითი რწმუნებულის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ერთობლივი ფოტო, წარწერით - ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით.
სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან ან კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან, თუ არ იკვეთება პოლიტიკური დღის წესრიგი.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს. ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე კი რექტორთან ერთად, სწორედ დიპლომატიური სამსახურის მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელები ჩანან.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ესტონეთის საგარეო უწყება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.
"ყველა ვთანხმდებით, რომ რეფორმა საჭიროა, თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს, ამაზე მნიშვნელოვანი იყო დისკუსია. დისკუსიის ნაცვლად აქციების მოწყობას სხვა არაფერი უდგას სათავეში თუ არა დესტაბილიზაცია.
ესტონეთი და არა მხოლოდ ესტონეთი, საგარეო უწყება, დიპლომატიური კორპუსი ერევა შიდა საქმეებში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორც ვენის კონვენციის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების არსს.
დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის ის, რომ აქციებში მიიღოს მონაწილეობა და წაახალისოს აქციის მონაწილეები. ესტონეთს შეეძლო, მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო, ეფექტიანი რეფორმა, თუმცა რადიკალების მხარეს ვხედავთ ესტონეთის საგარეო უწყებასაც, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ მიზანს - ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით", -განაცხადა მარიამ ლაშხმა.




