ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების განხილვა გრძელდება. საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, სრული ზოგადი განათლება 11 კლასით განისაზღვრება. უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სავალდებულო ხდება მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება, განისაზღვრება მობილური ტელეფონის გამოყენების წესები. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს, ის ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ფიქრობს პოპულისტურ აქტივობებზე და იმ მოკლევადიან პოპულარულ რეფორმებზე, რომელსაც შედეგები მხოლოდ დღეს მოაქვს.

"თქვენი არგუმენტაცია, პატივცემულო ოპოზიციონერო, არ არის არგუმენტაცია, ეს არის ლოზუნგების ნაკრები ფაქტების გარეშე. პირველი - სადაა თქვენი მტკიცებულებები? თქვენ გვეუბნებით, რომ ბლოკავს ევროპულ გზასო, მაგრამ სად არის ერთი ევროპული დოკუმენტი, ერთი ევროკომისიის განცხადება, ერთი საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასება, ან თუნდაც ბოლონიის პროცესის ახსნა-განმარტება, სადაც მკაფიოდ ვკითხულობთ, რომ ბოლონიის პროცესი პირველ რიგში, ეხება უმაღლეს განათლებას და ბოლონიის პროცესი გულისხმობს თავსებადობას და არა წლების რაოდენობას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, რომელიც არ ფიქრობს პოპულისტურ აქტივობებზე და იმ მოკლევადიან პოპულარულ რეფორმებზე, რომელსაც შედეგები მხოლოდ დღეს მოაქვს და რომელზეც მხოლოდ აპლოდისმენტების დაკვრა შეიძლება,“ - აცხადებს მარიამ ლაშხი.