ერთი კვირის წინ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ მცირეწლოვან შვილებს, მხარდამჭერებს აბულინგებდნენ და ყველაფერს კადრულობდნენ, რომ ისინი შეეშინებინათ, თუმცა ერთ კვირაში სიტუაცია ასე მოტრიალდა – გეხვეწებით, ეს ხალხი სხვა ადგილას გადასვით, გვეშინია, რაღაც საფრთხეებიაო. ნუ ეშინიათ, უკადრებელს ნუ იკადრებენ და პასუხად არავინ არაფერს ჰკადრებთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შალვა პაპუაშვილისთვის მიმართვას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას.
მისი თქმით, ძალიან მარტივად ხდება სიტყვა „მოღალატის“ გამოყენება, რასაც მოჰყვა რეაქცია, თუმცა ძალადობით პასუხი არავის უნდა გასცე.
„ჩვენ ისეთი რამ არც მოგვიფიქრებია, რაც მათ იკადრეს. ტარიელ ნაკაიძე ორი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ „რადიკალური ისლამი“ ჩემი მოფიქრებული სიტყვაა. ამით რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობდა. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა რა იკადრა, თითქოს ტერმინი – რადიკალური ისლამი – მე გამოვიგონე. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. ეს ხალხი სიტყვა „მოღალატეს“ ისე მარტივად იყენებს, ვითომ არაფერია. ძალადობით პასუხი არავის უნდა გასცე, მაგრამ დღეს სწორედ ამ სიტყვას მოჰყვა რეაქცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.