დღეს ე.წ. „სქრინი“, ფოტო ვნახე, „სირცხვილიას“ განცხადების და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე, 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას. მსგავსი პროცედურა არ არსებობს, უბრალოდ ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო კამპანიის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „სირცხვილია“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩამოართმევს, რისი პრეცედენტი და პროცედურაც არ არსებობს.
„ერთადერთი პროცედურა, რაც მახსოვს, კანდიდატი კი არა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4/5 თუ დააყენებს ასეთ საკითხს, მაშინ, ნახევარზე მეტს შეუძლია, თუ სწორად მახსოვს, შეუჩეროს ქვეყანას ხმის უფლება, ოღონდ, წევრ ქვეყანაზეა საუბარი და ესენი ამბობენ კანდიდატზე, რომლის პრეცედენტი, პრაქტიკა და მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. მსგავსი არაფერი არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვას რომელიმე ქვეყანას. ატყუებენ ხალხს, აპირებენ რომ ჩამოგვართვანო, საკითხი დადგაო. ხომ მოუსმინა, ათმა კაცმა, ფიქრობენ, რომ 9 კაცმაც რომ გამორიცხოს, იმ ერთ კაცს რომ დააჯერეს და აღაშფოთეს ასეთ სიბინძურეში შედიან. ახალგაზრდებს მივმართავ: წარმოიდგინეთ, რა გაკადრეს ხალხო, შარშან. ჩვენს მომავალ თაობას რა აკადრეს შარშან და წელსაც რას აკადრებენ, რომ აგერ, პროცედურა იწყებაო, პრაქტიკულად უწერია „სირცხვილიას“ და სხვათა შორის, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული ეს ორგანიზაცია. ასე უსირცხვილოდ, „სირცხვილია“ ატყუებს, რომ თითქოს ასეთი პროცედურა ან პრეცედენტი არსებობს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის, რაც ცალსახად უბინძურესი ტყუილია, რაც გამორიცხულია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მსგავს კანონს თავად აინიციირებს და გაუგებარია, საქართველოს პრობლემა რატომ უნდა შეექმნას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველა ადამიანამდე მიიტანს სიმართლეს და მათ შორის იმ პირობასაც, რომლის მიხედვით, არასამთავრობოების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, რაც არ შესრულდა.
„როგორ შეიძლება ევროკავშირში პრობლემა შეგვექმნას ჩვენ საბოლოოდ იმასთან დაკავშირებით,რასაც თავად ევროკავშირი აინიციირებს. როგორ თავხედურ პიარს აწარმოებენ წარმოგიდგენიათ? მაგრამ ყველა ადამიანამდე მივიტანთ სიმართლეს. იმ სიმართლესაც, რომ ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, მათ პირობა ჰქონდათ, არათუ პირობა, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ გამჭვირვალეა. სად არის გამჭვირვალობა? რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა და შავი ფულია. ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან. არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე და ხალხიც დაინახავს რა ფული, როგორი, რა მიზნობრიობით, საიდან შემოდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.