სალომე ზურაბიშვილი ისმენს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს, მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა“.
„სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი ოპოზიციონერი, რომელმაც უკვე არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია ქვეყანა. დადის და ისმენს, ხან ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, ხან იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს. მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დახურვა და ა.შ. ყოფილა მოდერნიზაცია. ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია არის დემოკრატია, განვითარება და ევროპა. ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც არ უნდა იყოს, როგორი მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ამ ქვეყნებთან, უნდა შევახსენოთ, რომ მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების წამება, ღირსების აყრა, ბიზნესის და ტელევიზიების რეკეტი, ეს ვერ იქნება მოდერნიზაცია, ამას ვერ მიიღებს ქართველი კაცი და ქალი მოდერნიზაციად ვერასდროს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს. მისი მხრიდან ეს ან დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და გარე სიტუაციას დააბრალოს, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და „არანაცის“ იმიჯი მოირგოს ამით. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.