„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს.
„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც.
რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო? რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც პრიორიტეტისა ამ ქვეყნისთვის, არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვიცით, რომ თუკი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო, მათ შორის, ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ეს იყო ქულებითაც, კრიტერიუმებითაც, შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე, სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციებში მყოფებს ვუსწრებთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით. მაშინ, როდესაც ამ ფონზე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.