"ამას როგორ კადრულობენ? ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება ვინმეს შერჩენილი ჰქონდეს?! მაგრამ არა, არც ეს აქვთ! ამიტომ არის, რომ ყოფნით თავხედობა, რომ რაღაც თქვან და შემდეგ ვისაც სჯერა იმ ვიღაცაზე მუშაობენ, იმ ვიღაცას კიდევ აჭერენ ტვინში წიხლს. სანამ შეეძლოთ აჭერდნენ სხეულზე, მორალზე, ღირსებაზე და დღეს ტვინში აჭერენ წიხლს. წარმოუდგენელი ამბავია!“ - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს ორი მთავარი კითხვა.
„პირველი კითხვა - შეიძლებოდა თუ არა თავად ამ სტიქიის თავიდან აცილება და მისი წინასწარი პროგნოზირება. 65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება, აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს წინასწარი პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში.
წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით რაშია სინამდვილეში საქმე, ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ, რაც დახვდათ 2003 წელს „ნაცებს“, ჯერ რა უნდა დახვედროდათ და ისიც მოშალეს. მაგალითად, თბილისში რამდენიმე სადგური იყო და დატოვეს ერთი. ახლა არის 6 სადგური. წინასწარი გაფრთხილების სიტემა არის მთელი ჯაჭვი. მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტია წყალმზომები, სადაც თუ დაფიქსირდება წყლის კლება ან მატება შემდეგ სხვა ანალიზი სჭირდება. ეს რომ არ დაფიქსირებულა მეცნიერულადაც დასტურდება, რომ შეუძლებელი იყო ამის პროგნოზირება. ეს საკითხი დახურულია. რაც ვერსად ხდება მსოფლიოში, ის ვერ მოხდება საქართველოში და ამას ითხოვენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მეორე კითხვაა - შეიძლებოდა თუ არა რომელიმე ადამიანის გადარჩენა.
„ყველაზე ამაზრზენად ამ ნაწილში იქცევიან. ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი, წინასწარ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გვაიძულებენ რომ ამაზე ვისაუბროთ. ნაწილ - ნაწილ რომ ადამიანების ფრაგმენტები ამოჰქონდათ მაშველებს და ამაზე რომ გეტყვიან 2-3 საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო, იმ ადამიანს რა ჰქვიათ?! როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, რომ 2-3 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო, სამწუხაროდ, იქ 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა და იმ დონის ფსიქოლოგიური ტერორი და მანიპულაცია, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და არ უნდა აკადრო საზოგადოებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.