მაქვს განცდა იმისა, რომ ყველამ, მათ შორის შტატებშიც, ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც დაინახეს, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო წლების წინ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, წლების წინ შიდა საკითხები „ქართულ ოცნებას“ თამამი გადაწყვეტილებების საშუალებას არ აძლევდა.
„მაგალითად რამდენიმე წლის წინაც კი, 2020 წლამდე, ჩვენ ყოველდღიურად შიდა ბრძოლების გადატანც კი გვიწევდა საიმისოდ, რომ ხელისუფლება შეგვენარჩუნებინა, გადაჭარბების გარეშე ვამბობ. შიგნითაც გვჭირდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილება გაგვეტანა, რაც იყო სუვერენიტეტთან დაკავშირებული. ეს მოცემულობა გვქონდა სამწუხაროდ და ამის გაძლება გვიწევდა. დღეს, საბედნიეროდ, გუნდის შიგნით აღარ გვიწევს ბრძოლა, იმიტომ, რომ გუნდი დაღვინდა, დალაგდა, კადრები იმგვარად არის დალაგებული, რომ ჩვენ წყნარდ ვართ, რომ ფეხს არ დაგვიდებს ვიღაც გუნდის შიგნით. დღეს არის გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, ილაპარაკოს თამამად, რომ მისი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









