შეიძლება, მოგეჩვენოს ადამიანს, რომ წინა დღის მაკრონის ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მაკრონი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონის ზარმა ბიძინა ივანიშვილისადმი ოპოზიციაში დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს.
„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმის, გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის ხელმძღვანელის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც. ასევე, შეიძლება, მოგეჩვენოს ადამიანს, რომ წინა დღის გადასაფარად, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მაკრონი. ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის, შემდეგ მაკრონს, საზღვრები არ აქვთ. ისე არის თავისი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება, თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას აძლევს რეალურად ქართველი ხალხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.