ყველაფერი ძალიან კარგად და ჩვენზე კარგად ახსოვს [გახარიას] და დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დაწყებული 2020 წლიდან დღეს რაღაცები „სკდება“ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებად რომ იწოდებოდნენ, როგორ იყვნენ ჩართულები რაღაც ავანტიურაში, მიხეილ სააკაშვილის [საქართველოში] ჩამოსვლას რაღაცები როგორ ემთხვეოდა. მოდი ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ან იყო დამთხვევა, ან ამთხვევდნენ. დამთხვევა იყო, რომ ვიღაც გადადგა, საზღვარზე მომდგარი იყო მეორე, მერე ცოტა ხნის შემდეგ შემთხვევით ერთ სასტუმროში აღმოჩნდნენ, შემთხვევით იყო მანამდე „პივიტის“ გაყალბებაც?! ან დავიჯეროთ ეს დამთხვევები, ან უნდა ვიფიქროთ ცოტა სერიოზულად, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე ამ ყველაფერში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც ხომ არ იყო ჩართული, მამუკა მდინარაძემ განმარტა:
„დამთხვევა იყო“. მე ზუსტად ვიცი რაც იყო, მაგრამ თქვენ, ან მაყურებელმა რა ვალდებულები ხართ ახლა მე დამიჯეროთ?! მე უბრალოდ გთავაზობთ ლოგიკას, თქვენ ამოარჩიეთ ამ ლოგიკიდან რომელია მართალი“, - აღნიშნა მდინარაძემ, რაზეც წამყვანმა უთხრა, რომ გახარიას ან არ ახსოვდა ეს მოვლენები, რადგან დაახლოებით ორმოცჯერ თქვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომ არ ახსოვდა კონკრეტული ფაქტები, ან ამბობდა, რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი.
„არასერიოზულია უკვე ამ კაცზე [გახარიაზე] ლაპარაკი. ერთ რამეს გეტყვით, თავისი პროფესია არ ახსოვდა. ხუთწუთიანი ტყუილი თქვა კაცმა, რაზე ვლაპარაკობთ?! მდაბიო თაღლითები რომ არიან, ბევრი მყავს ნანახი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც გამომძიებელს, როგორც ადვოკატს, ოღონდ იმ წუთას გამოძვრნენ [სიტუაციიდან], ვითომ არაფერი ახსოვთ. ყველაფერი ძალიან კარგად და ჩვენზე კარგად ახსოვს [გახარიას] და დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო. ისიც დამთხვევაა, რომ ზუსტად მისი [შს მინისტრობის] პერიოდში პანკისის, ჩორჩანას, ბასიანის შემთხვევები, 20 ივნისი [მოხდა]?! ეს ყველაფერი დამთხვევა იყო და ერთი მსგავსი არ მოუვიდა ვახტანგ გომელაურს?!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.