"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად დაწინაურება მმართველი გუნდის მხრიდან მის პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად შეიძლება ჩაითვალოს და ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა.
„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, იმის შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა.
„მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად იყო მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ უნდა დაეკავებინა ნიკანორ მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორნით შემოსაპარად დასჭირდა. საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.