ჩვენი მხრიდან იყო დათქმა, რომ ამ კანონს არ მივუბრუნდებოდით. გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან. ამბობდნენ, რომ აღარ იქნებოდა გაუმჭვირვალე საკითხები, თუმცა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ბევრი საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მომხსენებელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. შავი ფულის მიმოქცევის აღმოსაფხვრელად იძულებული არიან, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები.
„ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან იყო დათქმა, რომ ამ კანონს არ მივუბრუნდებოდით, ხოლო დათქმა და მოცემულობა, რაც იყო დეკლარირებული ყველას მიერ, იქნებოდნენ ეს ოპოზიციის, ენჯეოსექტორის წარმომადგენლები, თუ განსაკუთრებით დონორები, ისინი ამბობდნენ, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა. ასევე, იყო უამრავი შეხვედრა, როდესაც ამბობდნენ, რომ ის საკითხები, რაც იყო გაუმჭვირვალე, აღარ იქნებოდა. ჩვენ ამ პირობაზე ვერ მივიღეთ დადებითი რეაქცია საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ბევრი საკითხი, ბევრი დაფინანსება, ბევრი პროექტი, ბევრი გრანტი. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ ე.წ. შავი ფულის მიმოქცევის აღმოსაფხვრელად იძულებული ვართ, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენც დავარეგულიროთ ეს საკითხი, ისევე როგორც აშშ-ში, სხვა ქვეყნებში, ისევე როგორც დღეს ცდილობს ევროკავშირი ამ საკითხის დარეგულირებას იმ კანონპროექტით, რომელიც ევროდირექტივის სახით შევიდა ევროპარლამენტში, საფრანგეთმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო, უკვე მოქმედებს ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში და ა.შ. “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, ასევე უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი რუსეთს არ ეხება.
„ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი შეიძლება ითქვას და ითქვა ბოლო დღეების განმავლობაში. ეს კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას, საქართველოს, ქართული ორგანიზაციების, იურიდიული პირების გარდა, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას შეეხება და არა ფიზიკურ პირს. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას შეეხება კანონპროექტი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და იქიდან წამოსული დაფინანსება თუ იქნება ოკუპანტი ქვეყანა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ კარგად ვარჩევთ მტერს და მოყვარესაც. აქვე მინდა, ვთქვა, ევროპასთან მიმართებით თუკი რაიმე პროგრესი არსებობს, „ქართული ოცნების“ დროს არის მიღწეული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.