ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირებას გამოეხმაურა.
„ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა მეორე მხრივ და მესამე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთ? - ერთადერთი რამ შეიცვალა, არჩევნები მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ სანქცირებაზე საუბრისას აღნიშნა, „ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს“.
„ჩანტლაძის ცნობილი „სკეტჩის" არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ადგნენ და თქვან დავასანქციერეთ ესა და ეს 60 ადამიანი. არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? - ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.