საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის პროტესტს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადება ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს, მათ შორისაა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და 2030 წლისთვის საქართველოს მზაობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. მდინარაძე ინტერესდება, კონკრეტულად რომელი პუნქტია არაევროპული და რას აპროტესტებს ოპოზიცია.
„ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: 1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი. 2. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. 3. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება. 4. ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს", - წერს მამუკა მდინარაძე.