ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა გაერო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება.
„რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და იქ ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ის საკითხია, რომელიც სწორედ ამ ფორმატებში განიხილება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ასევე რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, რომელიც საქართველოს აქვს და სადაც განიხილავს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა სწორედ საერთაშორისო ნორმების, პრინციპების დაცვით საქართველოს საკითხებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ყველა შეხვედრა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს, როდესაც საქმე ეხება ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა, სადაც ასევე გაჟღერდა ქართული მხარის პოზიციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.










