აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური ველი ცარიელია. ჩვენ ვსაუბრობთ გზავნილებზე აშშ-დან, რასაც მოველით, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩო უნდა განსაზღვროს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ განვითარებებს, რაც ხდება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით როგორ განვითარდა პროცესები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ამ ვექტორს და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის“ ტიპის დოკუმენტებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე საუბრისას.
„შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ქცევა. მე ამას საკუთარი ქვეყნის მტრობას დავარქმევდი, როდესაც დადიხარ და იმის ჩაწერას ითხოვ, რაც „მეგობარ აქტში“ ეწერა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს რომ ასე მიღებულიყო, ხომ იქნებოდა საფუძველი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში, მხოლოდ ხელისუფლებაზე ხომ არ არის საუბარი. ამას მტრობის გარდა სხვა სახელი არ ჰქვია, როდესაც დადიხარ, ფულს იხდი იმაში, რომ შენს ქვეყანას ავნო რაღაც.
რაც შეეხება ამერიკის მხარეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი“ იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი. სწორედ ამიტომ მოხდა პროცესის ისე წარმართვა, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ აღარ არის დღის წესრიგში და აღარ დევს განსახილველად მაგიდაზე. შესაბამისად ის ვერ გახდება საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობების საფუძველი.
რა იქნება საფუძველი და როგორი იქნება ეს ჩარჩო, რითაც მომავალში გვექნება თანამშრომლობა, ჩვენი სურვილები გაჟღერებული გვაქვს, ჩვენი ინტერესები და შეთავაზება საჯაროა და არსად წასულა, ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება შინაარსი. ამას სჭირდება საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.