საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის და ამაზე მან მინისტერიალის ფარგლებშიც ისაუბრა.
“საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გავაჟღერე მინისტერიალის ფარგლებში ის, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საჭიროა, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს დღის წესრიგში. შვეიცარია გადაიბარებს იანვრიდან თავმჯდომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი დროულად განხორციელდეს საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს საკითხები განვიხილეთ მასთან და მოველით, რომ მომავალი თავმჯდომარეობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს სწორედ იმ საკითხებს, რაც უკავშირდება უსაფრთხოების გამოწვევებს”,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









