ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ სწორედ ის, რომ მოხერხდა სრულიად დერეგულირებული სამომხმარებლო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. კანონი, რომელიც 2022 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივას და 1 რეგულაციას. ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მიღება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რაც განხორციელდა იმისათვის, რომ საქართველოს მიეღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში.
კონფერენცია ყოველწლიურად, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით იმართება.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში 15-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.