პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც პარიზში გაიმართება.