საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება, ისინი უკვე ძალიან სოლიდური და მტკიცეა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც საერთო ღირებულებები აქვთ.
„დავნერგეთ უმაღლესი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და ჩვენ გვაქვს შეხვედრები ყოველწლიურად, რაც განსაზღვრავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას, რომ ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მიმართულებით.
ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა და მუდმივი თანამშრომლობა ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად. ეს ყველას არ სიამოვნებს, თუმცა ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ეს უკავშირდება ჩვენს მომავალს, მომავალ თაობას. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამას. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების მოსაზრებას.
ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ინტერესები და საერთო იდეები. ცხადია, მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლოა ქართული აზროვნებისთვის, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, სწორედ ამის მხარეს ვდგავართ და მადლიერები ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების, ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის მიმართულებით მუშაობა ევროპაში. ცხადია, ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას ძალიან ბევრი რამ აძლიერებს და კიდევ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.














