ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენ გარშემო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც იდგმება ქვეყნის მიერ, საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად იყოს გზავნილები მიტანილი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში არის ის სიმტკიცე, რაც სჭირდება ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.
„დღეს დავასრულეთ საქართველოს ელჩების კონფერენცია. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ყველაფერი, რაც მოხდა 2025 წლის განმავლობაში, შეგვეფასებინა, რა გარემო იყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვემსჯელა სამომავლო ნაბიჯებზე, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა, აქტუალური იყოს 2026 წლის განმავლობაში ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის. მოგეხსენებათ, საკმაოდ არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა, საკმაოდ არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენ გარშემო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქვეყნის მიერ, კარგად იყოს საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანილი, სწორად იყოს გზავნილები მიტანილი.
იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საუბარია საინფორმაციო კამპანიებზე. ძალიან რთულია, მწირი რესურსით გაუმკლავდე ამ შემოტევებს, რა შემოტევების ობიექტიც არის ჩვენი ქვეყანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში არის ის სიმტკიცე, რაც სჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.
იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევებიც იყო, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა თავად საგარეო სამსახურსაც, ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ის, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია სტაბილური, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კონტაქტი და კავშირი, არაფერს არ ვკარგავთ ჩვენ, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








