ევროკავშირი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, სჭირდება ხელისუფლებას და ყველას, ვინც არის ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მარტივი პროცესი და ამ პროცესისთვის მომზადება სჭირდება ყველას. პირველი, ევროკავშირი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, სჭირდება ხელისუფლებას და ყველას, ვინც არის ამ პროცესში. რა თქმა უნდა, როდესაც საზოგადოების მომზადებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორად უნდა აღვიქვათ ის პროცესები, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი. ეს არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ჩვენი არჩევანი და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან ცალსახა განაცხადი საქართველოს მხრიდან, მაგრამ როდესაც ხდება ცალკეული ეტაპების, ცალკეული პროცესების გამოყენება იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი და წარმოჩენილი იქნეს ისე, თითქოს ეს პროცესი არის გაჩერებული, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა რაღაც ვიღონოთ, რათა თავი დავიცვათ მსგავსი ქმედებებისგან, თუ ნაბიჯებისგან, თუ მსგავსი აღქმებისგან, რადგან ეს აზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა, თუმცა არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ევროკავშირი გაფართოვდება 2025 წელს. ეს ნამდვილად არ ხდება ასე. ვიცით ჩვენ, რომ ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. ერთი მხრივ, ჩვენი მომზადების კუთხით. ამასთანავე, ისიც ვიცით, რომ ეს არის პროცესი, რომელიც შეუძლებელია წინ წავიდეს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე. სწორედ ამაშია საქმე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ მზაობას, მომზადებას ევროკავშირში წევრობისთვის. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მოველით შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის სწორად წარმართვას და არ დააზიანებს ამ პროცესს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არავის უთქვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს საფრთხე შეექმნება, პირიქით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ეს პროცესი წარიმართება კიდევ უფრო მეტად ენერგიულად“.

„გასაგებია, რომ არის ემოციური ფონი, როდესაც ამბობ იმას, რომ რაღაც ეტაპზე ნახევარ ნაბიჯს დგამ უკან იმისთვის, რომ წაიწიო წინ უფრო მეტად. ამას სჭირდება სწორი გაგებაც საზოგადოების მხრიდან. არავის უთქვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ჩერდება. არავის უთქვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს საფრთხე შეექმნება. პირიქით, არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს პროცესი წარიმართება კიდევ უფრო მეტად ენერგიულად, კიდევ უფრო მეტად ვიქნებით მობილიზებული, რომ 2028 წლისთვის საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული. როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველს უქმნის საქართველოს ევროკავშირში წევრობას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა ერთხელ გვითქვამს ისიც, რომ ეს შეთანხმება არის უმტკიცესი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირში წევრობისთვის. რაც შეეხება სტატუსებს, იქნება ეს უკვე კანდიდატი ქვეყანა, იქნება მოლაპარაკებების პროცესში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება შემდგომში უკვე წევრი ქვეყანა, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. და ის, რომ საქართველო 2028 წლამდე აცხადებს, რომ არ დააყენებს დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის თხოვნას, არ ნიშნავს, რომ მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საქართველო არ შევა მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირთან. ასე რომ, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი სპეკულაციები. ეს გადაწყვეტილებაც არის ისევ საქართველოს ინტერესში, ისევ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესში. მინდა, გითხრათ, რომ ეს პროცესი იქნება იმგვარი, რომ ხშირად შეიძლება, მოგვიწიოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, მსგავსი საკითხების გამკლავება და საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვიყოთ იმისთვის მზად, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ ერთად და არ დავაზიანოთ საბოლოო მიზანი“,- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.