საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარისა და პასუხის გარეშე დარჩეს. პოლიტიკოსების პასუხი არ უნდა ითარგმნოს ისე, თითქოს ეს ანტიევროპული რიტორიკაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ევროკავშირს არ აქვს არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამების შეჩერების თაობაზე, რასაც შემდგომ იყენებდნენ, რათა ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და ჰქონოდა გარკვეული გამოხმაურება. ამისთვის იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. ნაბიჯები უნდა გადაიდგას წესებისა და კანონის მიხედვით, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვინმეს თუ აინტერესებს, რა ინტერესებიდან გამომდინარე არის ესა თუ ის კანონი მიღებული, ყველას აქვს შესაძლებლობა, ნახოს. ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე, ახსნაზე უარი და ვინმეს თუ სურს, სიღრმეებში ჩაიხედოს, ამის შესაძლებლობაც არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რატომ მოხდა და ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება.
„ჩვენ არასდროს დაგვიშურებია ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართული ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად. ვინმეს თუ სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება, რას ემსახურება კანონი, აქვს ეს შესაძლებლობა. თუკი ექნებათ სურვილი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ, მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც სჭირდებათ, რათა ევროკავშირის მხრიდან ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ.
კრიტიკა, თუ წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს პასუხი. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების, პოლიტიკოსების მხრიდან, არსებობს სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიისგან. კონკრეტულად, როდესაც საქართველოს შესახებ უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, ეს დარჩეს კომენტარის, პასუხის გარეშე. პოლიტიკოსები როდესაც სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს ნათარგმნი ისე, თითქოს ეს ანტიევროპული რიტორიკაა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს რეზოლუციები ყველაფერს ეხება, მათ შორის თუ ვსაუბრობთ, დეზინფორმაციაზე, უსამართლობაზე, თუ ჩავიხედავთ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ, წაიკითხოთ ევროპარლამენტის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ათი რეზოლუცია. შეგვიძლია, დავსხდეთ და განვიხილოთ. ამ რეზოლუციებში მოცემულია ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია და ისეთი რამ, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ. ეს არის ზუსტად დეზინფორმაციული, როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის გამოსასწორებელი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.










