საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კონფერენციაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს პოზიციების გაჟღერებას, ისე ორმხრივი შეხვედრების გამართვას პარტნიორ ქვეყნებთან.

 „ბაქო მასპინძლობს მაღალი დონის კონფერენციას, შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იყოს ორმხრივი შეხვედრები და ასევე საქართველოს პოზიციები გაჟღერდეს ამ ფორუმის ფარგლებში,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სადაც მხარეები საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 „იქნება ასევე ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ შევეხებით იმ საკითხებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს უკავშირდება. ურთიერთობები, იცით, რომ მაღალ დონეზეა, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.