მარკო რუბიოს განცხადება აშშ-ს დახმარების სააგენტოს შესახებ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები მართებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლების ქმედებები რეალური საფრთხეების გასამკლავებლად განხორციელდა.
„ეს არის რეალობის შეფასება, რომელზეც დავიწყეთ საუბარი რამდენიმე წლის წინ და რასაც მიეძღვნა ჩვენი მხრიდან გამჭვირვალობის კანონი. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს კანონი, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან გარკვეულ ნაბიჯებს ვხედავდით, რომლებიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საზიანოდ. ამ ქმედებებზე ანგარიშვალდებული არავინ იყო. ნამდვილად ჰქონდა ხელისუფლებას ის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაგვეცა, ახლა უკვე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გვესმის იგივე გზავნილები, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. რამდენიმე წლის წინ ეს შფოთვის საგანი გახდა ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ რაც გავაკეთეთ, რეალური საფრთხეების გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯები იყო. რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, ეს იყო სრულად მართებული და ამას ადასტურებს მარკო რუბიოს განცხადება, რაც ეხება აშშ-ის დახმარების სააგენტოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საშობაო მილოცვისას განაცხადა: „ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა“.








