საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა.
შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
განიხილეს „შრომითი მიგრაცის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.









