2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით, საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, 2026 წელს  კიდევ უფრო გაძლიერდება  მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე და მიმართულებაზე. 

„მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქილევსის ქუსლი იყო სახელმწიფო კომპანიების სპეცშესყიდვის სპეცწესები, რომელიც გასული იყო მთლიანად შესყიდვების კანონიდან, დავაბრუნეთ. მარტო აქედან 100 მლნ დაბრუნდა შესყიდვების კანონმდებლობაში და მხოლოდ ძალიან სპეციფიური, იმ კომპანიებისთვის დამახასიათებელი საქონლის და მომსახურების შესყიდვა დარჩა სპეცწესებში. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, ჩვენ 300 მლნ-მდე დაზოგვის შესაძლებლობა გვქონდა, უფრო სწორად დაიხარჯება შემდეგ ეს 300 მლნ. ეს რომ 1 წლის მონაცემები ყოფილიყო, ალბათ ორმაგი იქნებოდა შედეგები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს დაზოგილი თანხები, დღეს რაც გამოვიტანეთ, ნელ-ნელა უნდა შემცირდეს იმიტომ, რომ პრაქტიკები უნდა გამოსწორდეს, ანუ ეს არ უნდა გაიზარდოს.

ჩვენ ვიცით, რომ სადღაც შესაძლებელი ყოფილა, 300 მლნ 6 თვეში დაიზოგოს, თუ უფრო გამართული დოკუმენტაციით იქნებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული კონკრეტული უწყებები კონკრეტულ შესყიდვებზე. მომავალ წლებში, რაც უფრო გასწორდება სისტემა, ეს დაზოგილი თანხებიც ქვევით ჩამოვა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებ, ადეკვატურ ფასში უფრო მეტი საქონლის და მომსახურების შესყიდვა, ანუ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს. რაც შეეხება გეგმებს, 2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით. საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. გვინდა ამოვავსოთ აბსოლუტურად ყველა ხვრელი, თუ სადმე არსებობს, რათა საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ძალიან გამართული შესყიდვების სისტემა. 2026 წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე და მიმართულებაზე“, -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.