ევროსაბჭოში ზურაბ ჟვანიას ისტორიული სიტყვების წარმოთქმიდან 25 წლის შემდეგ, საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხის წინაშე დგას, გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
„ეს არის ნამდვილად მორიგი საგანგაშო განცხადება და ამ განცხადების მთავარი ადრესატი, ბუნებრივია, არის „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც შეგნებულად ანგრევენ წლების განმავლობაში მიღებულ წარმატებას ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ევროსაბჭოში ჩვენი გაწევრიანება იყო ნამდვილად ეპოქალური მოვლენა. ჩვენ გვახსოვს ის ლეგენდარული სიტყვები, რომლებიც მაშინდელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოთქვა ევროსაბჭოში მიღების დროს, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომ „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“. ეს იყო ნამდვილად უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ამ ეპოქალური მოვლენიდან 25 წლის თავზე დავდექით იმ ვითარებაში, რომ საუბრობენ ან უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ან ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხზე. ეს არის კატასტროფული ვითარება, რომლის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს – საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ აქამდე გეგმაზომიერად მიგვიყვანა ივანიშვილმა და მათი ხელისუფლების მიმართ რაიმე მოთხოვნების წაყენებას მგონია, რომ არავითარი აზრი არ აქვს, ისინი პირიქით, გააუარესებენ ვითარებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.