ძალიან დიდი დროა გასავლელი, ვიდრე ევროკავშირის წევრი გავხდებით და ამ დროს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთნაირსქესიანთა საკითხის მოწინააღმდეგეები ვიქნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

„არიან სახელმწიფოები, რომლებიც იზიარებენ გადაწყვეტილებას, არიან, ვინც არ იზიარებს. მე პირადად არ ვიზიარებ, ვინაიდან ის ჩემს პრინციპებს, მორალურ, ეთიკურ თუ რელიგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ აკრიტიკებდით ხელისუფლებას, როდესაც ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს იღებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ „ჩვენთან ეს საკითხი კონსტიტუციით არის გადაწყვეტილი“.

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა, მითითებულია ქალი და მამაკაცი, გენდერული საკითხი დაცულია, რომელსაც იზიარებს ჩვენი საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა, შესაბამისად, ეს საკითხი არის აღმოფხვრილი. ჩვენს გუნდს აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ქართველებს, ჩვენ, გვაქვს ისეთი შესაძლებლობა და ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენი ოჯახები არ გახდეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასაცავი. მე მგონია, რომ ქართველი მეუღლეები მოახერხებენ, რომ საკუთარი ღირებულებები, ოჯახური ტრადიციები ირაკლი კობახიძის ჩარევის გარეშე დაიცვან. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ეს საკითხი საზოგადოების კონსერვატორული მიდგომებიდან, იმ ტრადიციული ღირებულებებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებას აქვს, შეუძლებელია, დღის წესრიგში დადგეს, მით უმეტეს, ქორწინებასთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს. ჩვენთან ოჯახის ინსტიტუტი და ტრადიციული ღირებულები რაც გვაქვს, აბსოლუტურად აზღვევს და ზაზა შათირიშვილის მიერ ქართული ოჯახების დაცვა არ არის საჭირო. ქართული ოჯახები საკმაოდ რეზისტენტული არიან საკუთარი თავის დასაცავად“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მედიის კითხვაზე, ევროკავშირი თუ მოსთხოვს საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნის დროს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება, ამის წინააღმდეგი ვიქნებით“.

„დღესაც ნახავდით პოლონეთის და რიგი სახელმწიფოების მიდგომას, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან. ძალიან დიდი დროა გასავლელი, როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით და ამ დროს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები ვიქნებით ამ თემის. ეს კანონი იყო პროპაგანდისტული მიზნებისთვის მიღებული, რომლის მთავარი ამოცანაც იყო, მუდმივად გველაპარაკა იმ თემაზე, რომელიც ქართველებს არ გვემუქრება. ქართული ოჯახებისთვის ბევრად უფრო მეტი საფრთხეა ის, რომ ქართველი დედების უმრავლესობა იძულებით ემიგრაციაში მიდის, ვიდრე ის, რომ ვიღაც ძალით გაათხოვონ ამ ქვეყანაში. ამ კანონის მთავარი დანიშნულება არა ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა, არამედ პროპაგანდისტული მიზნებისთვის მისი გამოყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიიღო გადაწყვეტილება,  რომ „ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში“.