ფაქტია, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლიდან რამდენიმე დღეში გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე წაიშალა ინფორმაციაც და საქართველოს ელჩსაც მიეცა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რწმუნებათა სიგელი გადასცეს გერმანიის პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილმა უპასუხა კითხვას, რაზე მიუთითებს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.

„გერმანიის შემდგომი ნაბიჯებით გამოჩნდება, ეს რაზე მიუთითებს. ჩვენ, ყველანი ვისურვებდით, რომ ამ ინფორმაციის განახლება დროულად მოხდეს. ისიც აღმოჩნდა, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზებით თურმე პრობლემა არ ყოფილა. სურვილი და საჭიროება თუ არის, მალე შეიძლება წაშლაც და იმის განახლებაც. საჭირო თუ არის, ორ წუთში შეიძლება ამ ინფორმაციის წაშლა-განახლება. საზოგადოებამ განსაჯოს, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლიდან რამდენიმე დღეში ინფორმაციაც წაიშალა და საქართველოს ელჩსაც მიეცა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რწმუნებათა სიგელი გადასცეს გერმანიის პრეზიდენტს. დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა. პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა.

2025 წლის სექტემბერში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.