პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის განცხადებები და გზავნილები არჩევნებში მათ მარცხს გამოიწვევს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს რეალურ დაპირებებზე ესაუბრება.
„ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეები ჰყავს, ჩვენ კი – არჩევნებში გამარჯვებულები. ეს ყველაფერი მათ წინასაარჩევნო კამპანიას და გზავნილებსაც ეტყობა. მოსახლეობას რასაც ჰპირდებიან, ან პროპაგანდა და გაზვიადებული დაპირებაა, ან სიძულვილისა და ზიზღის ენას იყენებენ. მათი ეს პოლიტიკა პირდაპირი ბილეთია არჩევნებში დამარცხებისკენ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს – ამომრჩეველთან მუშაობის და მათთვის რეალური დაპირებების მიცემის. ამომრჩეველს აქვს თავისი მოთხოვნები, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, რაც ძალადობას, კრიზისებს და რევოლუციას არ უკავშირდება. მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ვიღაცას ჩამოაგდებენ და გადააგდებენ. ამის შემხედვარე, დარწმუნებული ვართ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.