მისასალმებელია ის კომუნიკაცია, რაც უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის შედგა. დადებითი გზავნილები გაკეთდა. როგორც ჩანს, გასული ერთი წლის განმავლობაში არსებული სამუშაო პროცესი ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაითარგმნება. ეს იყო კარგი გზავნილი ამერიკიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილის საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი ურთიერთობები.

„წინა ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ადმინისტრაციას ესმის მძიმე მემკვიდრეობის შესახებ, მოწოდებულია იმისკენ, რომ ეს ფურცელი მალე ჩაიხუროს და წარსულში დარჩეს, ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ეს იყო ის ნაბიჯები და კომუნიკაცია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მაგრამ სხვა კომუნიკაციაა სამუშაო და პოლიტიკურ დონეზე. მინდა, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ადრე თუ გვიან, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური დღის წესრიგის საფუძველზე გადავტვირთოთ. არ ვიცი, ოპოზიციას რა სჭირს, შოკში ჩავარდნენ? შემიძლია, მედიკამენტები შევთავაზო. მთავარია, კომუნიკაცია და ურთიერთობები არსებობს. ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი არსებობს ისევე, როგორც საერთო ინტერესები. შემდეგ რა ნაბიჯები იქნება, ეს მეორეხარისხოვანია. პროცესი დაძრულია და ინტერესი ორივე მხრიდან თუ იქნება, პროცესი ბოლომდე გავა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს. ყაველაშვილის თქმით, ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.