"ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ კანვასის ტრენინგები გვახსოვს, ამის შემდეგ იყო მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი და მითითებები ოპოზიციისთვის. ახლა არის ბატონი ბლაჟევიჩი," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
მისი თქმით, ბლაჟევიჩის საქმე პირველი არ არის და ყველა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
"ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ კანვასის ტრენინგები გვახსოვს, ამის შემდეგ იყო მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი და მითითებები ოპოზიციისთვის. ახლა არის ბატონი ბლაჟევიჩი. ჩვენ არა ერთხელ გაგვიფრთხილებია ყველა რადიკალი, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავი უწყებები მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, არიან მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხილებული იქნება ქვეყნის არევაში, რა თქმა უნდა, იგი დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, იგორ ბლაჟევიჩის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს მამხილებელი ფაქტები, ფარული ჩანაწერები, კონკრეტული მონაწილეების სახელები და გვარები და კონკრეტული დავალებები თუ რა სცენარით უნდა განევითარებინათ ქვეყანაში მოვლენები.








