მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ, ახალ კანონპროექტზე პარლამენტი მომავალ კვირიდან იმსჯელებს. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, მისი ხელმძღვანელი კი, სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე გეკა გელაძეა წარდგენილი.

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება ახალი სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, ერთდროულად, უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების და ასევე, პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მამუკა მდინარაძე არის იდეალური კანდიდატი ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და ძალიან მოხარულები ვართ, რომ იგი პოლიტიკაშიც ბრუნდება და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს, ხოლო მეორე მხრივ - სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მაღალ დონეზე, გეკა გელაძე უხელმძღვანელებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს ძალიან მაღალ დონეზე და თავის მხრივ, კიდევ მამუკა მდინარაძე გადააზღვევს მათ ამ საქმიანობაში", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.