“საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს არის შეთითხნილი, პოლიტიკური და გამოგონილი. მე მინდა ციტატა წავიკითხო კანონიდან, სადაც პირდაპირ წერია - “დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.” - ამ კანონიდან პირდაპირ ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დავალება, რომელიც გასცა “ოცნების” პარტიამ, მთავარმა პროკურორმა პირდაპირ შეასრულა" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
"რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ არსებობს კანონი, რომ ბრალი წაეყენებინათ ლევან ხაბეიშვილისთვის. საქართველოში პირველად მოხდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ სიტყვის გამო დაეკავებინოთ ადამიანი, რომ პოლიტიკური დაპირების გამო დაეკავებინოთ ადამიანი და ბრალი წაეყენებინოთ. სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა პროკურატურისგან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან, ე.წ იურისტებისგან და მე დღეს მოვიტანე განცხადება, კანონი, სადაც პირდაპირ წერია და დავუტოვეთ პროკურატურას, მერე რომ არავინ არაფერი არ თქვას, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ, რომ ეს კანონი არავის არ ჰქონდა წაკითხული, აქედან გამომდინარე მე ყველა სამართალდამრღვევს ვეტყვი, რომ თქვენთან აუცილებლად მოვა კანონი და სამართალი, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ და ნუღარ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებებს.” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
შეგახსენებთ, "იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.