ორი თვეა გეხვეწებით, გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, იმუშაოთ. ეს არის ის საკითხები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან   საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე გაზრდილი ფასებზე ისაუბრა.

„საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას. ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ ფასებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, ვერ ერევა. მოგიტანეთ „ჩეკი“ აზერბაიჯანიდან, სადაც მაგალითად, 500 გრ პური ღირს 80 თეთრი, საქართველოში 1.60 თეთრი. მაგალითად, რძე ჩვენს სამეზობლოში ღირს 3. 20 თეთრი, საქართველოში 5 ლარი და 50 თეთრი“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, 2,5-ჯერ უფრო ძვირის გადახდა უწევთ ადამიანებს პროდუქტების შეძენაში.

„ორი თვეა გეხვეწებით, გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, იმუშაოთ. ეს არის ის საკითხები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა, აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. არადა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგისმენთ თქვენ და მოისმენს თქვენს დასმულ პრობლემებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება. თქვენს მიერ დასაქმებული ადამიანებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.