„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად მარტვილში პენსიონერებს შეხვდა, სადაც საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.
„საპენსიო ასაკის დაწევა მამაკაცებში, ეს არის 65 წელი და უნდა გახდეს აუცილებლად 60 წელი. მარტივი ლოგიკა და ახსნა აქვს ამას, რატომ უნდა მოხდეს ასე - საშუალო ევროპელი ცოცხლობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 წელი და მამაკაცებში არის 67 წელი, ანუ სახელმწიფო გეუბნებათ, რომ 2 წელი გადაგიხდი პენსიას და მერე ჯანდაბამდე გზა გქონიათ. რატომ ვცოცხლობთ 10-14 წლით ნაკლებს, ვიდრე საშუალო ევროპელი - იმიტომ რომ, სოციალური პრობლემებია, ეკონომიკური პრობლემებია, სიდუხჭირეა, ევროპელ პენსიონერს აქვს 800-1000 ევრო, შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში დაისვენოს, შეუძლიათ ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, იყოს ბედნიერი თავის შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად და თავისი შემოსავალი ჰქონდეს. საქართველოში ეს ყველაფერი გამოიყურება აბსოლუტურად სხვანაირად, რომ პენსია არ ყოფნის პენსიონერებს მედიკამენტებში, პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად და ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. უამრავი პრობლემა აქვს ჩვენს პენსიონერებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია და სანამ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება და ეს გაიზრდება მაშინ, როცა ეკონომიკური დოვლათი შეიქმნება ამ ქვეყანაში, სანამ გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა, მანამდე მნიშვნელოვანია 60 წლიდან ყველა პენსიონერებს მიეცეს პენსია.როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, პირველივე კვირაში როცა ბიუჯეტი დაკორექტირდება, მინიმალური პენსია უნდა გახდეს 400 ლარი, მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაახლოებით 560 ლარი იქნება ეს პენსია. ასევე ჩვენ ვამბობთ, რომ 70 წელს ზემოთ კი არა, უკვე 65 წელს ზემოთ უნდა იყოს დანამატი პენსიაზე და თუ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, 65 წლიდან ყველა პენსიონერს უნდა მიეცეს არანაკლებ 500 ლარი. რამდენი ლარი ჭირდება ამას? დაახლოებით საუბარი 300-400 მილიონის დამატებაზე, რომელიც ცხადია ჩვენს ბიუჯეტს, თუ გამოვაკლებთ ქურდობას, აბსოლუტურად რეალურია.
მეორე შეთავაზება ჩვენი ხალხისთვის, რაც არის აუცილებელი, რომელიც ეხება პენსიონერებს, რომლებსაც აქვთ საპენსიო სესხი და ასეთი საქართველოში 2022 წლის ბოლოს იყო 358 000 პენსიონერი. აქ რომ სხედხართ, დარწმუნებული ვარ, რომ 90 პროცენტ თქვენგანს აქვს საპენსიო სესხი და როგორ გაძლევენ? გაძლევენ 30-35 პროცენტში.ეს ნიშნავს ძარცვას და ჩვენ ვამბობთ რას, რომ ეს დღევანდელი საპენსიო სესხები და ჯამში ეს შეადგენს 345 მლნ ლარს, აბსოლუტურად უნდა განულდეს, ოღონდ ეს არავის საჩუქარი არ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას 80 პროცენტი ან ძირი უკვე გაქვთ დაფარული, თქვენ როცა აიღეთ 1000 ლარი და იხდით 3-4-5 წელი, თქვენს უმრავლესობას, 80 პროცენტს აქვს ეს სესხი დაფარული, მაგრამ დამატებით, რადგან ხელისუფლება ძალადობს ამ საბანკო ოლიგარქიით თითოეულ პენსიონერზე და დამატებით კიდევ პენსიის 100 პროცენტს ვერ აიღებთ რამდენიმე წელი.
ჩვენი შეთავაზებაა პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება და შემდეგ ადეკვატური პირობების შეთავაზება. არ არსებობს ევროკავშირის ქვეყანა, სადაც პენსიონერი 30-35 პროცენტს იხდის. ამიტომ ვიძახით, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში, ამიტომ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ამიტომ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, რომ 30-35 პროცენტ-ში კი არ აიღოთ სესხი, არამედ აიღოთ 2 პროცენტში, მაქსიმუმ 4 პროცენტში და ასეთი სესხი არის ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოში არის ყველაფერი სხვანაირად, რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობილი აქვს საბანკო ოლიგარქია და ძარცვავს ხალხს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.