კასპში მოსახლეობას ვაცნობდით, როგორ უნდა დაიწიოს საპენსიო ასაკმა 60 წლამდე მამაკაცებში, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარამდე. შეხვედრა იმართებოდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ოჯახში. „რუსულმა პარტიამ“ სახლი ფაქტობრივად მოაქცია ალყაში, ისროდნენ ქვებს, დააზიანეს „ნაციონალური მოძრაობის“ ავტომობილები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებას ჩამოვუთვალო ადამიანები, ვინც იყვნენ: ზურა ჩიტიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში; ბადრი ჯანიაშვილი, საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“; ალექსანდრე ბიძინაშვილი, საკრებულოს წევრი; მარეხი ყამბეგაშვილი, სპეციალისტი მერიაში; ილია ნონიაშვილი, სპეციალისტი მერიაში; გიული ყოჩიაშვილი, კულტურის სახლის სპეციალისტი; დავით ალექსიძე, IT-ის სპეციალისტი კასპში. კასპის საკრებულო არ ეყოთ და დამხმარე ჰყავთ გამოძახებული: შორენა გორგილაძე, გორის მერია; მაია შკუბულიანი, გორის კულტურის აიპი; დათო ნადირაშვილი, ქარელის აიპში დასაქმებული. ძალიან ვწუხვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც გაილახნენ. სამი საათის განმავლობაში პოლიცია არ მოვიდა, რადგან თავად დააორგანიზეს. ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალე, ყველა არის საჯარო მოხელე და ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.