ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართვაში, რომელიც პარტიის მე-13 ყრილობაზე წაიკითხეს.
მისი თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს თმენის უნარი და გონიერება, რათა ზიანი არ მოუტანოს გუნდს.
„ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“! ჩვენ არჩეული გვაქვს აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა! ჩვენ წინააღმდეგ კი არის ბოროტება, სიძულვილი! ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას და ყაჩაღურ გზას ადგას ივანიშვილი! მათ დაანგრიეს, ააფეთქეს საყდრისი – ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატი, ისინი ანგრევენ გელათს – ჩვენ ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღვადგინეთ! ჩვენ ავაშენეთ რიყის პარკი, დავამშვენეთ მსოფლიოში აღიარებული „დოქებით“, ისინი კი ანგრევენ, ანადგურებენ! ჩვენ გერბზე ამოვტვიფრეთ ამოვტვიფრეთ: „ძალა ერთობაშია“ და ისინი კი ანგრევენ ყველაფერს, რის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება! ჩვენთვის ანწუხელიძე გმირია, მათთვის კი არავინ – შეურაცხყოფენ მის სულს, საფლავს!
ჩვენთვის წმინდაა ჩვენი დროშა, ისინი კი ებრძვიან მას! ჩვენ წმინდა გიორგის მონუმენტი აღვმართეთ თავისუფლების მოედანზე, ისინი კი ჯვრის მონასტერს ანგრევენ. ჩვენ გვინდა, სოხუმში ავაშენოთ ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში, ისინი კი ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს ერთიანობის იდეას კლავენ!
ჩვენ გვინდა, საქართველოდან გადახვეწილი ჩვენი ხალხი დაბრუნდეს თავის სანუკვარ ოჯახში და ესენი კი ხმის უფლებასაც კი ართმევენ! ჩვენ გვინდა, საქართველოში გათენდეს და მათ სურთ ბნელი და უკუნი! მივესალმები თქვენს შრომას, ბრძოლას, გაუტეხელობას და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე! მადლობელი ვარ, რომ მქვია თქვენი მსახური. არაფრის შეგეშინდეთ, არაფერმა გაგტეხოთ და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!
ჩემი მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს ძმადნაფიც ირაკლი ნადირაძეს და ჩვენს წევრებს, რომლებიც საპყრობილეში სხედან. მიიღეთ ჩემი სიყვარული და პატივისცემა! ბოლოს, მინდა, გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს – „ენმ“-ს! ყველა მოერიდოს, საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს! წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა! ღმერთმა დალოცოს საქართველო! დიდება გმირებს!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.








