მედიისთვის ხელშეშლა არის კონკრეტული დანაშაული, გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით დაცულია, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს  პირველი არხის ეთერში სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პირველმა არხმა სახალხო დამცველს მას შემდეგ მიმართა, რაც მაუწყებელთან მიმდინარე აქციისას ჩვენს ჟურნალისტებს, ასევე „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეეშალათ ხელი საქმიანობაში. ჩვენ მოვითხოვეთ სახალხო დამცველისგან, რომ გაეკეთებინა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით.

ამასთან, პირველმა არხმა სახალხო დამცველს მიმართა იმასთან დაკავშირებითაც, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება პირველი არხის ჟურნალისტების პერსონალური მონაცემები, მობილურის ნომრები, ურეკავენ ჟურნალისტებს და აყენებენ შეურაცხყოფას. ლევან იოსელიანის თქმით, პერსონალური მონაცემების გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული.

„თქვენგან შევიტყვე ამ ფაქტების შესახებ, როცა ოფიციალურად მომმართეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მედიის წარმომადგენელია, კანონის თანახმად, ყველა მედია თანაბარია. ყველას აქვს უფლება და გარანტირებულია მათი საქმიანობა ხელშეშლისგან თავისუფალ გარემოში. დაუშვებელია, მედიას შეეშალოს ხელი და გააშუქოს მოვლენები იმდაგვარად, როგორც თვლის ის საჭიროდ და როგორც მიაჩნია საჭიროდ.

მედიისთვის ხელშეშლა ეს არის კონკრეტული დანაშაული და არავის აქვს უფლება, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მათი გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული, ისევე როგორც სიძულვილის კამპანია და სიძულვილის ენა, რაზეც თქვენ მომმართეთ და მითხარით, რომ ასეთ გარემოებასაც აქვს ადგილი“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს ყველას, ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პატივი სცეს სხვისი გამოხატვის თავისუფლებას.

„სახალხო დამცველი ყოველთვის მოუწოდებს ყველას, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი დაძაბულობაა ქვეყანაში, რომ ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პატივი სცეს სხვისი გამოხატვის თავისუფლებას.

გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით არის დაცული, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია. გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას, შესაბამისად, თქვენი იქნება თუ სხვა მედიის საქმიანობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტურ ინფორმაცია“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.