„ხალხის ძალის“ კანონის მიზანია, სიტყვა „აგენტი“ დაუკავშირონ არასამთავრობო სექტორს, რაც საქართველოში მოღალატეობასთან არის ასოცირებული და მოხდეს მათი სტიგმატიზაცია, რეპუტაციის შელახვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა და განმარტა, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს.
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გარდა, ამ კანონის მომხრე არავინ არის საქართველოში. ამას აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორიც, საქართველოს პრეზიდენტიც და ოპოზიციაც. ამ კანონის მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ის არც რუსული და არც ამერიკული კანონის ანალოგი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კანონი, რომლის ერთადერთი მიზანია, მათი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეუწყოს ხელი. ამ კანონის მიზანია, სიტყვა „აგენტი“ (უცხო ქვეყნის აგენტი) დაუკავშირონ არასამთავრობო სექტორს, რაც საქართველოში მოღალატეობასთან არის ასოცირებული და ამ თვალსაზრისით მოხდეს მათი სტიგმატიზაცია, რეპუტაციის შელახვა.
გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისედაც ვალდებული არიან, გადაიხადონ გადასახადები, ჩააბარონ დეკლარაციები, მათი შემოსავლები სახელმწიფოსთვის ისედაც ცნობილია და ყველა თავმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს თავის წლიურ ანგარიშს, სადაც ასახავენ შემოსავლებსაც, ხარჯებსაც, დაფინანსებასაც და დონორების შესახებ ინფორმაციასაც. რა თქმა უნდა, ამ კანონს გაკონტროლების ფინანსური მიზანი არ აქვს. ერთადერთი მიზანი აქვს, მათთვის, ამ კანონის სუბიექტებისთვის, შესაბამისი იარლიყის მიკერება მოხდეს – ეს არის უცხო ქვეყნის აგენტი. უცხო ქვეყნის აგენტი, მაგალითად, ამერიკაში არ არის შეურაცხმყოფელი კონოტაციის მატარებელი, საქართველოში ეს პირდაპირ ასოცირდება ქვეყნის ღალატთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.