ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან. იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები, მაგრამ მათ მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია, ნამდვილად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს, კონკრეტული საკითხებისადმი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება აჩვენა. ეს არის ის ხედვა, რაც ევროკავშირის ძირითად ქვეყნებს აქვთ. მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ თუ საქართველოს უნდა გახდეს ჩვენი წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს ის თამაშის წესები, რაც ჩვენ სივრცეშია. თავის წესებით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ის, რომ თავისი საკითხი დაუკავშირა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მისი მეგობრების, ლობისტების ჩართულობით. ფაქტია, რომ მიღებულია რეზოლუცია, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა არის მათი პირობა. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა საკმაოდ დიდია, მას მხარს 577 ადამიანი უჭერს, ეს არის პრაქტიკულად, ერთსულოვნად ჩამოყალიბებული ხედვა.

ევროპული პერსპექტივით რომ შევხედოთ, სააკაშვილის ციხეში ყოფნა სხვანაირად ჩანს. მიუხედავად იმისა, არ ვთვლი, რომ ის უსამართლოდ ზის ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალით არავის ჩამოუყვანია, ყველაფერი რაც მის თავს ხდება, მისი ბრალია, მაგრამ ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან. იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები, მაგრამ მათ მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება“, - განაცხადა იოსელიანმა.