„დიფ სთეითთან“ მიმართებით ყველანაირი საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან რეალური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ნებისმიერმა ხელისუფალმა, პოლიტიკოსმა. ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“ კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს „დიფ სთეითის“ საკითხი მაშინ, როცა ისინი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და რუსულ ინტერესებს ახორციელებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი არის, როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

„დღეს მთავარი პრობლემა „დიფ სთეითი“ კი არ არის ქვეყანაში, არამედ რუსული იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებაა. მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში შეჰქონდა ცვლილებები – ქალი ქალია და კაცი კაცია, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს თემა საერთოდ არ არის აქტუალური ქართული საზოგადოებისთვის. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ თემის მანიპულირებით დამატებითი ქულები და ბონუსები ჩაიწეროს. ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი. ახლა მთავარი არის, როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ჯო უილსონის განცხადება იყო, რომ ივანიშვილი იქნება სანქცირებულთა სიაში ნომერ პირველად. ეს განცხადება მეტყველებს, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დაცვა და მათი ინტერესების გატარება. არის თუ არა თანხვედრაში „ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკა, ამის პასუხი არის ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ იყო წარმოდგენილი ინაუგურაციაზე.

„დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერი ფორმით ცდილობენ, ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწრონ და ამაზე მოწვევებიც აქვთ, ეს სხვა საკითხია და კარგია. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებიდან არავინ არ არის და ეს არის განმსაზღვრელი. მთავარი არის ის, რომ ივანიშვილი არის ახალი ადმინისტრაციის სანქცირებულთა სიაში ნომერ პირველი. აშშ გააგრძელებს დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას და ქართველი ხალხის დახმარებას“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.