"ჩემი რეკომენდაცია როგორც პოლიტიკის, ისე აკადემიურ სფეროში მოქმედი პირების მიმართ - ნუ ენდობით გაყალბებულ უახლეს ისტორიას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს მომხდარი - როგორც რუსულ-ჩეკისტური, ისე დასავლურ-ჩეკისტური მხარის მიერ",- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის  შვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს,სადაც აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას წერილს, რომელიც 1991 წლის "თბილისის ომამდე" რამდენიმე დღით ადრე გაეგზავნა ბორის ელცინს.

"ჩემი რეკომენდაცია როგორც პოლიტიკის, ისე აკადემიურ სფეროში მოქმედი პირების მიმართ - ნუ ენდობით გაყალბებულ უახლეს ისტორიას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს მომხდარი - როგორც რუსულ-ჩეკისტური, ისე დასავლურ-ჩეკისტური მხარის მიერ. ისტორია, როგორც ლეოპოლდ ფონ რანკე წერდა, უნდა დაიწეროს ისე, როგორც ის თურმე მომხდარა. დიახ, სერიოზული აკადემიური კვლევა, დაფუძნებული წყაროებზე და მათ ანალიზზე. ყველა ცნობის მოზომილად მოხმარებაზე, და თუკი ამის საფუძველი არსებობს - გაცხრილვაზეც. სწორედ პუტჩის ღია თუ ლატენტური მომხრე ცრუ-პროფესორების მიერ არის დანერგილი ყალბი სტერეოტიპი, რომ ქვეყნის პირველი პირი "მხოლოდ პატრიოტი და დისიდენტი" იყო, პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა, მოქმედებდა იმპულსურად და ემოციურად.   

სულ რამოდენიმე დღე დარჩა იმ ავბედით თარიღამდე, რასაც პუტჩის დაწყება ქვია. თუმცა 1991 წლის დეკემბრის დღეებში დაიშალა სსრკ, რამაც ქვეყნის დამოუკიდებლობის რეალური გზა წარმოაჩინა. ეს წერილი გაეგზავნა ბორის ელცინს რამოდენიმე დღით ადრე იქამდე, ვიდრე შეიარაღებული ოპოზიცია დედაქალაქში გააქტიურდებოდა. 

მის აღმატებულებას ბორის ელცინს,

რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

ბელორუსის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად; ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოების მიერ.

მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შეუსაბამოთ ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას რუსეთის სფს რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრი ოქმის სულისკვეთებით, რათა შესაძლებელი გახდეს ათწლეულების პერიოდში წამოჭრილი საკითხების მოგვარება.

ღრმა პატივისცემით,

ზვიად გამსახურდია

თბილისი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანო -

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" № 244 (264)

13 დეკემბერი 1991 წელი."- წერს კონსტანტინე გამსახურდია.