სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართულის“ ერთობლივ აქციაში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მონაწილეობდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქცია სისტემატურ ხასიათს ატარებს და მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. ღონისძიების ძირითადი მესიჯი ბავშვებისთვის ჯანსაღი, სრულფასოვანი კვების ხელშეწყობაა. ზემოხსენებული ორგანიზაციები ეხმარებიან ასევე აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახებს. სოფო კილაძემ გია ბაღაშვილთან და ზურა მანჯავიძესთან ერთად პატარებს ბავშვთა კვების სხვადასხვა პროდუქტი გადასცა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან.

„გენი ქართული, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრს აკეთებს მრავალშვილიანობის პოპულარიზაციის მიზნით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის მხარდაჭერა. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებენ. სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მრავალშვილიანობის პოპულარიზაციას. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, პარლამენტი მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა წარმოადგენს“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, მრავალშვილიანობის პოპულარიზაციაში უმნიშვნელოვანესია თვითონ საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

„ჩვენ უნდა გვქონდეს მაგალითები ისეთი ოჯახების, რომელიც მისათითებელი არიან და დადებით კონტექსტში წარმოაჩენენ მრავალშვილიანობას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.