თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ "თიბისის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას დანაშაული დააბრალა. ახლა ის უნდა დადასტურდეს, ან ტყუილად დარჩეს. თუ ხაზარაძის ინტერესშია სიმართლის გარკვევა, მაშინ ის უნდა გამოაქვეყნოს.
როგორც ხიდაშელმა საკითხის კომენტირებისას "აიპრესს" განუცხადა, ეს მხოლოდ "თიბისის" და ხაზარაძის პრობლემა აღარ არის, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. "მე აქ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს არაფერზე არ მიანიშნებს. მე როგორც მივხვდი ხაზარაძემ ფაქტი მოგვიყვა. არც მინიშნება გაუკეთებია და არც რამე ინტერპრეტაცია. თქვა, რომ მიიღო გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, გასაგებია. თავისთავად მუქარის შემცველი წერილის შესახებ შს მინისტრის მიერ ბიზნესმენისთვის ეს უკვე დანაშაულია. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტი როდის, რაზე, რის თაობაზე იყო. ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ რასაც მაშინ ითხოვდა არ გავაკეთეთ და არც ახლა არ გავაკეთებთო. ის ვალდებულია უთხრას საზოგადოებას რაშია საქმე. იმიტომ, რომ ის აღარ არის მამუკა ხაზარაძის პრობლემა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს შს მინისტრი, რომელიც თურმე თავის თავს უფლებას აძლევს, რომ წერილობით დაემუქროს მოქალაქეებს. აქ არაფერ შუაში აღარც ბანკია, აღარც ხაზარაძეა და გაცილებით უფრო დიდი და ფუნდამენტური პრობლემაა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძეს ახლავე უნდა გამოექვეყნებინა წერილი? - პასუხობს: "ახლა გამოაქვეყნებს თუ ხვალ დილით ეს არაფერს არ ცვლის, მაგრამ აუცილებლად რომ უნდა გამოქვეყნდეს, ეს რა თქმა უნა ფაქტია", - აღნიშნავს ხიდაშელი. რაც შეეხება იმას რამდენად გამართლებულია წინაპირობა, რომ წერილს იმ შემთხვევაში გამოაქვეყნებს თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება პარლამენტში, ამაზე ხიდაშელის პასუხი ასეთია: "შესაძლოა პარლამენტში საგამოძიებო კომისია არასდროს არ შეიქმნას. ეს ვერ იქნება ვერაფრის გარანტია. მან ქვეყნის შს მინისტრს დააბრალა სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა ეს დანაშაული უნდა დადასტურდეს, ან უნდა დარჩეს ტყუილად. თუ ხაზარაძის ინტერესშია, რომ საზოგადოებამ ეს იცოდეს და ამას შესაბამისი რეაგირება მოყვეს, წერილი უნდა გამოაქვეყნოს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, დღეს კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აქვე ხაზარაძე ამბობს: “გპირდებით, ამას გავასაჯაროვებ, მაგრამ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება”. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი